თიანეთის შესახებ
თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. “მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “ გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან აკავშირებდა. არქეოლოგიური გათხრებისას თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური და ბიზანტიური მონეტები.
1917 წლამდე ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკუთვნოდა თიანეთის მაზრას, ხოლო 1924 წლიდან - დუშეთის მაზრას. 1932 წლიდან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია.
გეოგრაფია და კლიმატი
თიანეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით საზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ახმეტის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 906, 3 კმ2, რაც რეგიონის ტერიტორიის 15%-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო და მაღალმთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3000 მ-ის ფარგლებში იცვლება. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირე კი - ჩადაბლებებს. ძირითადად, გაბატონებულია ეროზიული, ძველმყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.
მუნიციპალიტეტის დასავლეთით აღმართულია უმეტესად ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები, ხოლო აღმოსავლეთით - კახეთის საშუალო მთიანი ქედი. ქართლისა და კახეთის ქედები ერთმანეთთან გადაბმული არიან თიანეთის ქედით, რომელიც აღმართულია მუნიციაპლიტეტის ჩრდილოეთით. თიანეთის ქედზე მდებარეობს მწვერვალი მასარა (3,279 მ).
თიანეთის მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თიანეთისა და ერწოს ქვაბულები. თიანეთის ქვაბული ივრის ხეობის გაფართოებული ნაწილია და იფარგლება ქართლისა და კახეთის ქედებით. ქვაბული ვრცელდება 1050 მ-დან (სამხრ) 1150 მ-მდე (ჩრდ.). თიანეთის ქვაბულის ფსკერი წარმოადგენს აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია ფხვიერი ნალექებითა და ლიასით. იგი შექმნილია ტექტონიკური პროცესებით.
თიანეთის ქვაბულის მსგავსად ერწოს ქვაბულიც ღრმულისებრი ტექტონიკური ჩადაბლებაა, რომელიც ირწყვის მდინარე აძეძით. ქვაბულის სიმაღლეა 1000-1100 მ. ერწოს ქვაბულის ფსკერი აკუმულაციური ბრტყელი ვაკეა, რომელიც ნაგებია თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით.
მთავარ სამდინარო არტერიას ქმნის მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. იორი თიანეთის მუნიციპალიტეტს ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს და გაუყვება მას სათავიდან სოფელ ბოჭორმამდე. ივრის ხეობაში, სოფელ ლელოვანსა და დაბა სიონს შორის, მდებარეობს სიონის წყალსაცავი, რომლის ფსკერი ვაკეა. წყალსაცავის სარკის ფართობია 12,8 კვ. კმ, უდიდესი სიღრმე – 67 მ. მდ. იორზე მოწყობილია სიონის წყალსაცავი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის და სარწყავად.
მოსახლეობა და ადმინისტრაციული დაყოფა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 10,6 ათას კაცს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, დაბა თიანეთში ცხოვრობს 3,3 ათასი კაცი (31,1 %), დაბა სიონში - 0,3 ათ. კაცი (2,8 %), ხოლო სოფლად - 7 ათ. კაცი (66,1 %).
თიანეთის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 12 ადმინისტრაციულ ერთეულად, მათ შორის, ორი დაბა და 87 სოფელია, ესენია:1. დ. თიანეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -