ათეა-ს და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ ეწვივნენ

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები სოფელ ჟებოტაში ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ ეწვივნენ.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას, ბავშვთა განვითარების მხარდამჭერ სერვისებს, თერაპიულ მიმართულებებსა და მომსახურების მიწოდების პრაქტიკას.

ასოციაციის ექსპერტის, ნინო ზურაბიშვილის განცხადებით, ცენტრის საქმიანობის ადგილზე გაცნობა ნათლად ასახავს ათეა-ს ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის ძირითად იდეას - მუნიციპალიტეტებმა გაიზიარონ და საკუთარ საქმიანობაში დანერგონ უკვე აპრობირებული და წარმატებული სერვისები. მისივე თქმით, თიანეთის ნეიროგანვითარების ცენტრის საქმიანობა ეფუძნება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დანერგილ მოდელს - „ფენიქსი - ყაზბეგი“, რომელიც ათეა-ს „საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის“ 2025 წლის ერთ-ერთ გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზბეგისა და თიანეთის გამოცდილება მაგალითად უნდა იქცეს სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც, სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით.

ნეიროგანვითარების ცენტრში ვიზიტამდე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლაშა არჩვაძე, ექსპერტები ნინო ზურაბიშვილი და ელენე ჩხეიძე, ასევე მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური ერთეულების გაძლიერების საჭიროებები და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული საკითხები განიხილეს.