ქალაქ ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

"ჩვენთვის, თიანელებისთვის, უდიდესი სიამაყეა, რომ ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული სწორედ თიანეთიდან იყო. მან საკუთარი თავგანწირვით სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების უკვდავი მაგალითი დაგვიტოვა. მადლობას ვუხდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის მეომართა კავშირსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი გმირების ხსოვნა მარადიულია და იგი მთელ საქართველოს აერთიანებს,“- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ბიუსტის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სამხედრო პირები, ვეტერანები, ზურაბ იარაჯულის თანამებრძოლები და ოჯახის წევრები.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში, საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა. სამშობლოს წინაშე ჩადენილი განსაკუთრებული დამსახურების, სიმამაცისა და თავდადებისთვის მას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.