დაბა თიანეთში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, დაბა თიანეთში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსახლეობას ჩაუტარდა: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლამდე ქალბატონებისთვის), ტესტირება C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე, ასევე არტერიული წნევის კონტროლი.

გამოკვლევები ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით განახორციელეს.

სკრინინგ-აქციის მიმდინარეობას გაეცნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი კუკულაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დაავადებათა პრევენციისთვის მსგავსი აქციები მომავალშიც პერიოდულად გაიმართება.