დედაენის დღე

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, სიმონიანთხევის საჯარო სკოლისა და სიმონიანთხევის საჯარო სკოლასთან არსებული სოფელ გორანის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, სახელწოდებით: „არსობის არსო, გულის პურო, ზეშთაგონებავ, ენავ კი არა, ზეღმიერთა საგალობელო!“

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სახელმწიფო ენის დღე მიულოცეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ.

"გილოცავთ ყველა ქართველისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვან დღესასწაულს - დედაენის დღეს! ქართულ ენას უდიდესი როლი აკისრია ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ქართული დამწერლობა და ქართული ანბანი არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობაა. საამაყოა ის ფაქტი, რომ ქართული დამწერლობა საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს თოთხმეტ დამწერლობათა შორის, ხოლო „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას."- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ღონისძიებას ესწრებოდენ მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები.

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 14 აპრილი კი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ფოტო