9 აპრილი

35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან...

ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად, პატივი მიაგო გარდაცვლილი გმირების ხსოვნას და ყვავილების გვირგვინით შეამკო სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი დაბა თიანეთში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

"გმირების ბაღში", ა(ა)იპ თიანეთის მუზეუმების გაერთიანებისა და ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ჩართულობით გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი თიანელის, ნოდარ ჯანგირაშვილის დები და ოჯახის წევრები, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

"9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიას და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს, ამიტომ ეს დღე მუდამ დარჩება ჩვენი სამშობლოს თავგანწირვისა და ამავე დროს, თავისუფლების სიმბოლოდ. სიამაყით ვიხსენებთ და ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას."- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, თემატური გამოფენები მოეწყო მაგრანეთის, ლელოვნისა და ლიშოს ბიბლიოთეკებში.

ფოტო