ერწოში ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე ამოქმედდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, მიმდინარე წლის თებერვლიდან ერწოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე ამოქმედდა. ქორეოგრაფიული წრე, ვატო ყორიაულისა და მართა თურმანიძის ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებს ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ბაზაზე, რომელშიც ამ დროისთვის, 80-მდე მოსწავლე ირიცხება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქორეოგრაფიული წრე გაიხსნა ასევე სოფელ ახალსოფელში, სადაც 25 მოსწავლე ეუფლება ქართული ცეკვის ხელოვნებას.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ სიმონიანთხევში იმყოფებოდა, სადაც ქორეოგრაფს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდა, წრის მუშაობას პირადად გაეცნო, ბავშვებს კი საჩუქრები გადასცა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითი წრეები ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის. მოსწავლეთა დიდი სურვილისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, სიმონიანთხევსა და ახალსოფელში გაგვეხსნა ქორეოგრაფიული წრეები, რომელიც უფასო იქნება ყველა მსურველი ბავშვისათვის. ვფიქრობ, სამომავლოდ, ფინანსების გათვალისწინებით, უფასო შემოქმედებითი წრეები გავხსნათ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს და მათ პედაგოგს. ვიმედოვნებ, რომ მალე ისინი საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ფოტო