თიანეთში საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღინიშნა

???????? 12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა. წელს ის 53 წლის გახდებოდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე, ტრადიციულად, სათანადო ღონისძიებებით აღინიშნა.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის კურთხევით, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა ზურას საფლავზე მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ზურაბ იარაჯულის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პერსონალმა - ყვავილის გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი და მისი ხსოვნის მემორიალი.

ღონისძიება გაგრძელდა თიანეთის კულტურის სახლში, სადაც ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ზურას თანამებრძოლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და თანასოფლელები.

ზურაბ იარაჯულს, რომელმაც 22 წლის ასაკში ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ფოტო ვიდეო