"დედა ენისადმი" მიძღვნილი ღონისძიება

თიანეთის კულტურის ცენტრში "დედა ენისადმი" მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა თემატური აქტივობა გაიმართა.

თავდაპირველად, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა. მათ ხაზი დედაენის მნიშვნელობას გაუსვეს და აღნიშნეს, რომ ის ჩვენი იდენტობის, სიძლიერისა და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია.

სიტყვით მიმართვის შემდეგ კი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. თორმეტ მათგანს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ და მერმა საჩუქრად პერსონალური პორტატული კომპიუტერები გადასცეს.

დაჯილდოების შემდეგ ღონისძიება თიანეთის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი წრეების მოსწავლეების, პედაგოგებისა და ახალგაზრდა ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდა. მათ "დედა ენასთან" დაკავშირებული ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს.

გარდა ამისა, შემოქმედებით საღამოზე მოეწყო ქართველი მხატვრის ოთარ ჯიშკარიანის „ანბანთქების“ ალბომის ლიმიტირებული გამოცემის გამოფენა;

აგრეთვე, გამოიფინა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა კალიგრაფიული ნიმუშები, თემატური ნახატები და "დედა ენის" სხვადასხვა გამოცემა.

ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.