31 აგვისტოს თიანეთში ტრადიციული-სახალხო დღესასწაული „თიანეთობა“ გაიმართა. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო სპორტული და კულტურული სანახაობები,ხალხური რეწვის ნიმუშები, თიანეთის ნატურალური პროდუქტები. მოეწყო ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა და მთის სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული ჩაის დეგუსტაცია. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე დაეგემოვნებინათ ფშაური სამზარეულო, დამბალი ხაჭო და ხინკალი. ???? მხიარული ზღაპრის გმირებისა და ანიმატორების მონაწილეობით მოეწყო ზღაპრული ქალაქი ბავშვებისათვის. ???? აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ დღესასწაულზე მოსული ყველა ბავშვი თიანეთის მერიისგან ნაყინით, წვენით და კამფეტებით დასაჩუქრდა. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა დამსწრე საზოგადოებას „თიანეთობის“ დღესასწაული მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ექიმებს - ნატაშა გონჯილაშვილს, ზაქრო აქიმიშვილს, იზოლდა მახარაძეს და ოთარ ცალუღელაშვილს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭა. „საპატიო მოქალაქეებს“ შესაბამისი სიგელები და მედლები თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ლიეტუვის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასიმ და პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადასცეს. დღის განმავლობაში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. გაიმართა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დაბა თიანეთში მცხოვრებმა გიორგი მათურელმა ტვირთით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა. თიანეთის მერის გადაწყვეტილებით, რეკორდსმენი ფულადი პრიზით - 300 ლარით დასაჩუქრდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტის, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, თიანეთის საპატიო მოქალაქეები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლები, თიანეთის დამსვენებლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. საღამოს გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავების მონაწილეობით. "თიანეთობის" დღესასწაული ლამაზი ფოიერვერკით დასრულდა.