სოფელ ტუშურებში მდინარე ქუსნოზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილმა სოფელ ტუშურებში, სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე ქუსნოზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან წიკლაურის განცხადებით, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებასა და უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ემსახურება.

„სოფელ ტუშურებში, მდინარე ქუსნოზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობა მოსახლეობისთვის მიცემული ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული გზით სარგებლობა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეეძლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად შევასრულოთ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები და ვიზრუნოთ სოფლებში საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,“- განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 445 600 ლარს შეადგენს.

პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლები.