მარშრუტი იწყება არაგვისპირას, ქვემო შარახევის ხეობაში ზღვის დონიდან 850 მეტრზე. მდინარე არაგვიდან სოფელ ქვემო შარახევამდე მიუყვება გრუნტიანი სამანქანო გზა, რომლის სიგრძე 3.5 კილომეტრია. სოფლიდან საფეხმავლო ბილიკი მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით ზენამხარის მთისკენ. ბილიკი გადის ტყიან ზონაში, გზად გვხვდება ციხის და ეკლესიის ნანგრევები, პირველი ნანგრევები რთულად ამოსაცნობია, მეორე ეკლესიის ნანგრევები მასიურად შემორჩენილია. ზენამხარის მთაზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, არის საზაფხულო იალაღები, რამდენიმე მწყემსის ქოხი, სადაც დგას ღუმელი, მოიპოვება შეშაც და შესაძლებელია ღამისთევა.
ზენამხარის მთიდან ბილიკი მიუყვება ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით, ალპურ ზონაში, ხმალას მთისკენ, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 2160 მეტრია. მთა ხმალადან, კარგი ამინდის შემთხვევაში, იშლება შესანიშნავი ხედები კავკასიონზე, მოსჩანს ხევის დედოფალიც „მყინვარწვერი“. ხმალადან ბილიკი მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით ჯერ ალპურ ზონაში, შემდეგ კი მიუყვება ტყეში ხეობას და ჩადის სოფელ ბოდახევში.
გეგმა:
დღე 1: არაგვის ხეობა - საზაფხულო იაილები
საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 850 მეტრი. საბოლოო წერტილი ზღვის დონიდან 1700 მეტრი. ასაწევი სიმაღლე 850 მეტრი. გასავლელი მანძილი - 10კმ.
დღე 2: საზაფხულო იაისლები - მთა ხმალა - სოფელი ბოდახევი
საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 1700 მეტრი. უმაღლესი წერტილი 2160 მეტრი. საბოლოო წერტილი ზღვის დონიდან 1220 მეტრი. ასაწევი სიმაღლე 460 მეტრი. დასაწევი სიმაღლე 460 მეტრი. გასავლელი მანძილი - 10კმ.