ტიტულოვანი თიანელი მოჭიდავე მერიამ ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ტიტულოვანი თიანელი მოჭიდავე იოსებ იარაჯული თურქეთში ჩოხიან ჭიდაობაში მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა.

ქართული ჭიდაობის ფედერაცია მეთერთმეტე წელია იღებს მონაწილეობას თურქეთის რესპუბლიკის უძველეს ქალაქ ანთაქიაში (ჰატაი,ისტორიული ატიოქია) გამართულ აბა ჭიდაობის (თურქული ეროვნული ჩოხიანი ჭიდაობა)მსოფლიო ჩემპიონატებში, რომელშიც 40-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციაში,როგორც ნაკრების წევრი, წელსაც იყო შეყვანილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ტიტულოვანი მოჭიდავე იოსებ(სოსო) იარაჯული.

კონკურენციის მიუხედავად, მან თავისი საჭიდაო გამოცდილებით 100+ წონით კატეგორიაში საქართველოს „საპრიზო ყულაბას“ ბრინჯაოს მედალი შესძინა. მას ასევე აქვს მიღწევები გასულ წლებშიც:

2014 წელი- ll ადგილი;

2018 წელი - lll ადგილი;

2022 წელი-lll ადგილი.

ასევე უნივერსალური ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატზე:

2016 წელი - l ადგილი;

2017 წელი - l ადგილი.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი აღწევს ასეთ წარმატებას. მინდა სიამაყით მივულოცო და კიდევ მრავალი წარმატება ვუსურვო მას.

მუნიციპალიტეტში გვყავს რამდენიმე ძალიან მშრომელი და მიზანდასახული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც თავისი თავდაუზოგავი შრომით ასახელებს როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტს , ასევე სრულიად საქართველოს. სოსო ერთ-ერთი მათგანია. მთავარი მიზანია ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ და მივცეთ მათ მეტი მოტივაცია სამომავლო წარმატებისთვის. მსგავი ტიპის წამახალისებელი დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.