თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურებსა და სოფელ ზემო არტანს შორის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, არტნის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამართულ ქვე-პროექტის „თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურებსა და სოფელ ზემო არტანს შორის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ პროექტისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვას დაესწრო.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) დამატებითი დაფინანსების (AF) ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით.

„ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია არტნის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ხეობაში არასდროს განხორციელებულა გზების მოასფალტების სამუშაოები და მოსახლეობა წლობით ელოდა ამ სიახლეს. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც, როდესაც ამ მხარის მაცხოვრებლებს შევხვდი და უზომოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობის დიდი მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ არტნის ადმინისტრაციული იყო ერთადერთი თიანეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც რაიონულ ცენტრს არ უკავშირდებოდა მოასფალტებული გზით და ახლა ეს პრობლემაც გადაიჭრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის დაგეგმარებაში. გაცნობებთ, რომ სამუშაოები დაიწყება 2022 წლის შემოდგომაზე და გაგრძელდება 1, 5 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზეც.“ - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობაც.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150. ტელ: 032 2 437001 და ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში - რუსთაველის N67. ტელ : 0348 29 17 81