თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ა.ა.ი.პ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ა.ა.ი.პ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი მოინახულა, სადაც უკვე მრავალი წელია ხელოვნების სხვადასხვა დარგი ისწავლება და ასობით ბავშვი შემოქმედებით პროცესში აქტიურადაა ჩართული.

ლევან წიკლაური კულტურის სახლთან არსებული სახელოვნო წრეების შემოქმედებასა და მათ საჭიროებებს დეტალურად გაეცნო. ამასთან, დაესწრო ცეკვის ანსამბლების გენერალურ რეპეტიციას, მოუსმინა ხალხური სიმღერების ანსამბლ „აონს“ და დაათვალიერა წრის ხელმძღვანელების მიერ შექმნილი სამხატვრო და ქარგვის ნიმუშები.

 "ჩვენი მიზანია თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოზარდებს კულტურული მიმართულებით შევთავაზოთ სახელოვნებო წრეების ფართო არჩევანი და დაემატოს ახალი წრეები, როგორც მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრის შესწავლის, ასევე, სხვა მიმართულებებით. ვმუშაობთ ამ იდეაზე.

ამასთან, ჩვენი ამოცანაა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ მუნიციპალიტეტში არსებული მოქმედი წრეებით.“ – განაცხადა ლევან წიკლაურმა