შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან

დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმართა შორის ბრძანდებოდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელი დიაკვანი ზაქარია გათენაძე და ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები. საერო და საეკლესიო პირების შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს მთიანეთში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან სტუდენტური ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიას, ღირსშესანიშნაობებს, კულტურას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ყოფას, პრობლემებს, მუნიციპალიტეტის სოფლებში მოაწყობენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებს. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას თიანეთის მუნიციპალიტეტში.

ფოტო