თამაზ მეჭიაურმა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქე მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა სოფელ სიმონიანთხევში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქე მოინახულა და ადგილზე დაათვალიერა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა და ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა.

სახლის მეპატრონე მარტოხელა, ქვრივი, შვილმკვდარი ქალბატონი რუსუდან ბარბაქაძეა. მისი თქმით, ჭერის ჩამონგრევის დროს ეზოში გამოსვლა მოასწრო და ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. სახლი სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება შენობის მდგრადობას.

თამაზ მეჭიაურმა ქალბატონ რუსუდანს მხარდაჭერა აღუთქვა და მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა, შესაძლებლობის ფარგლებში დროულად უზრუნველყონ დაზარალებულისთვის მეორადი სამშენებლო მასალის მიწოდება, გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე, თიანეთის მერის გადაწყვეტილებით, ქალბატონ რუსუდანს ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, 500 ლარი დაერიცხება პირად ანგარიშზე.

დაზარალებულ ქალბატონს მხარდაჭერა აღუთქვა მერის წარმომადგენელმა სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად ბაიაშვილმაც, რომელიც ჭერის დროულად აღსადგენად ფიზიკურ სამუშაოებში დაეხმარება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად.