12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 48 წელი შეუსრულდებოდა

12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 48 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზურაბ იარაჯულის მშობლიურ სოფელში ღონისძიება გაიმართა. ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილების გვირგვინით შეამკეს ზურაბ იარაჯულის საფლავი და მისივე სახელობის მემორიალი. გმირის სახელობის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ზურაბ იარაჯულის დამსახურებაზე ისაუბრეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ იარაჯულმა, მერის მოადგილე მარინა ხარხელაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ სუჯაშვიულმა და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრებმა. დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა - შალვა ჯაბახიძემ და ზურას ოჯახის წევრებს გადასცა საქართველოს რუკა, რომელზეც გმირის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი. მწვერვალი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ფშავში, მწვერვალ დიდი ბორბალოს მიმდებარედ (გეოგრაფიული კოორდინატები: X-518493; Y-4693900). ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ უწყების ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლები დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო მწვერვალისთვის ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს. ღონისძიებას ესწრებონდნენ: ადგილობრივი ხელისუფლებისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თავდაცვის ძალების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ზურას ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, თანამებრძოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ფოტო