თიანეთში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

სახელმწიფო დროშები გადმოიფინა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებსა და საცხოვრებელი სახლების აივნებზე. დაბა თიანეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდების მონაწილეობით, მოეწყო სახელმწიფო დროშებით მსვლელობა, ასევე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, როგორც სახელმწიფო სიმბოლო, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დროშაზე დატანილი ხუთჯვრიანი გამოსახულება - თეთრ ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.