დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული "თიანეთობა 2023" გაიმართა

2 სექტემბერს სახალხო დღესასწაული "თიანეთობა 2023" აღინიშნა.

ღონისძიებას უმასპინძლა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა. დღეობას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან ერთად, ასევე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

"თიანეთობა 2023“-ის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა. მათ შორის მოეწყო საბავშვო-გასართობი კუთხეები, ჩატარდა ნატურალური პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნების გამოფენა-გაყიდვა და მთის სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ჩაის დეგუსტაცია.

ასევე, გაიმართა დოღი, ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში და ამხანაგური შეხვედრა რაგბში. 

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ადგილობრივმა გიორგი მათურელმა კარიერაში მეათედ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან 55-კილოგრამიანი ზურგჩანთით, ცალი ხელით, ორ თითზე, 30 წამში 39 აზიდვა დააფიქსირა. ასევე, მსოფლიოს რეკორდი მეორედ დაამყარა ადგილობრივმა ნოდარ ცალუღელაშვილმა, რომელმაც ერთი წუთის განმავლობაში, 65-კილოგრამიანი ტვირთით, 64 აზიდვა ცალი ხელით შეასრულა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ექვს პირს. კერძოდ, ინჟინერებს: გიორგი წერეთელსა და შოთა სინჯარაძეს, მეეზოვე თინა ხორნაულს, ფოსტალიონ თამაზ სეთურსა და ექიმებს: ნანა დულუზაურსა და გულნარ ბერბერაშვილს.

გარდა სპორტული და სხვა თემატური აქტივობებისა, ადგილზე მისული სტუმრებისთვის გათვალისწინებული იყო მუსიკალური პროგრამაც. გაიმართა როგორც დრამერების შოუ, ასევე, ჩატარდა კონცერტი  ადგილობრივი შემსრულებლებისა და მოწვეული ჯგუფების - "ურსასა" და "რეგიონის" მონაწილეობით.

ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

„ვულოცავ ყველას თიანეთობის დღესასწაულს, მოგეხსენებათ თიანეთობა უკვე რამდენიმე წელია არ გამართულა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის შეზღუდვებთან და შარშანდელი გუდაურის ტრაგიკულ შემთხვევასთან, სწორედ ამიტომ წლევანდელი თიანეთობა გვინდოდა განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი გაგვეკეთებინა. წელსაც მოგვიწია თარიღის გადაწევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შედგა ეს ლამაზი დღე. ადამიანებში იგრძნობოდა ეს მონატრება, ვფიქრობ ჩვენ მათ შევუვსეთ ეს დღე და როგორც ადგილობრივმა , ასევე ჩამოსულმა სტუმრებმა მთელი დღის განმავლობაში ძალიან ისიამოვნეს დღეობაზე გამართული მრავალფეროვანი აქტოვობებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩამობრძანებულ სტუმარს, ვინც დააფასა ჩვენი ლამაზი თიანეთი და ჩვენთან ერთად იზეიმა ეს დღე. ასევე მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და შესაბამის სამსახურებს გაწეული შრომისთვის. რათქმაუნდა შევეცდებით, რომ „თიანეთობა 2024“ უფრო შთამბეჭდავი და მრავალრიცხოვანი იყოს შემდეგ წელს, რადგან თიანეთი იმსახურებს მეტ ცნობადობას და შესაბამისად, გაზრდილ ვიზიტორთა რაოდენობას“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.