შეხვედრა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“- ს თან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მერიის წარმომადგენლებსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“- ს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო თიანეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თიანეთის მერი ლევან წიკლაური, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, პროექტის წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფის წევრები.

სამუშაო ჯგუფისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების დოკუმენტზე ერთობლივი მუშაობისას, გამოიკვეთა რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელება მათ შესაძლოდ მიიჩნიეს. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წარმოდგენილი ყველა პროექტი და პირველ ეტაპზე განსახორციელებლად შეირჩა ოთხი პრიორიტეტული პროექტი:

 ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მოწყობა;

საზოგადოებრივი ტუალეტისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა;

საინფორმაციო დაფებისა და მიმართულების მანიშნებლების მოწყობა დაბა თიანეთსა და დაბა სიონში;

საფეხმავლო ბილიკის მარკირება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის გუნდისა და მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადდება პროექტების დეტალური სპეციფიკაციები, გამოცხადდება ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე და უახლოეს ხანებში დაიწყება თიანეთის მუნიციპალიტეტში შერჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

  ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს „ორგანული სოფლის მეურნეობისა და სოფლის ტურიზმის განვითარება მცხეთა-მთიანეთში“ ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 60,000 ევროს.