თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი გეგმის საჯარო განხილვა

2023 წლის 22 თებერვალს, თიანეთის მერიაში ჩატარდა თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი გეგმის საჯარო განხილვა. დოკუმენტის განხილვის მიზანი იყო თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაინტერესებული პირებისათვის დოკუმენტის წარდგენა და პრიორიტეტების გამოვლენა, რომლის შედეგადაც თიანეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.

 გეგმის განახლება მოხდა პროექტის - „ორგანული სოფლის მეურნეობისა და სოფლის ტურიზმის განვითარება მცხეთა-მთიანეთში“, ფარგლებში, რომელსაც 2019 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს.

 თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი გეგმის განახლებაზე მუშაობდა ჯგუფი - თიანეთის მუნიციპლაიტეტის მერი ლევან წიკლაური, ტურიზმის სფეროში ჩართული პირები, პროექტის ბენეფიციარები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა „ელკანას“ მიერ შერჩეული ექსპერტთა გუნდი. თიანეთის განვითარების საშუალოვადიანი გეგმის განახლებაზე მუშაობა ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდის განმავლობაში ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და სასწავლო ტურები, რომლის ფარგლებში ჯგუფის წევრები გაეცნენ დედოფლისწყაროს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ თანამონაწილეობით პროექტებს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის წარდგენის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბუბა ჯაფარლიმ ისაუბრა ტურიზმის სექტორის განვითარების იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც გამოიკვეთა გეგმაზე მუშაობის პერიოდში.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდება თიანეთის მერთან და სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა. შედეგად მხარეები შეთანხმდებიან პროექტების განხორციელებაზე, რომლის შესრულება თიანეთის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.