შეხვედრა ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებთან

სიონის წყალსაცავის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, სამშენებლო კომპანია „არქის’’ წარმომადგენლებთან ერთად, ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მათ შორის მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში არსებული სამომავლო გეგმები და ყველა ის სარგებელი, რომლებსაც მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებენ. პროექტის ფარგლებში ადგილობრივები დასაქმდებიან სხვადასხვა მიმართულებით როგორც მშენებლობის დროს , ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყება მარტში იგეგმება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სასტუმროს, აპარტოტელისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ასევე, ისეთი სივრცეების მოწყობა, როგორიცაა კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, გამაჯანსაღებელი სივრცეები, საბავშვო სარეკრეაციო ზონა, დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვისა და ტრენინგებისთვის.

 ჯამში, პროექტი, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება, 600-მდე სტუმრის უმაღლეს დონეზე მომსახურებას მოიაზრებს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია არასდროს არ განხორციელებულა თიანეთში.