ერწოში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, ჯანდაცვის სერვისებზე ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ერწოში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს - საერთო ჯამში, ჩატარდა 200-ზე მეტი კონსულტაცია. 

აქციის ფარგლებში, ექიმებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს საბაზისო ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

ადილობრივებმა ასევე ისარგებლეს უფასო სამედიცინო - დიაგნოსტიკური კვლევებით , როგორიცაა: მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოგრამა, არტერიული წნევის კონტროლი და შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში.

სამედიცინო აქცია გაიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის -

"გაძლიერებული ადგილობრივი თემები კატასტროფების ზეგავლენის შემსუბუქების, უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში.