თიანეთში "ლაშარობის" დღესასწაული აღინიშნა

თიანეთში ლაშარობის დღესასწაული აღინიშნა.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის ლოცვა-კურთხევით, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა წმინდა სამების პარაკლისი გადაიხადა. მღვდელთმსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები - დეკანოზი ვახტანგი, დეკანოზი თომა, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, მღვდელი გიორგი და დიაკვანი იაკობი. 

ჩატარდა ზეთისცხება, დედაეკლესიის წარმომადგენლებმა დალოცეს მრევლი, თიანეთი და სრულიად საქართველო. 

პარაკლისს, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გოჩა ქავთარაძე და გიორგი კაპანაძე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელი პირები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. 

ლაშარი ფშავის მთავარი სალოცავია. ლაშარობა კი ფშავლების უმთავრესი დღესასწაული - მიძღვნილი წმინდა გიორგისადმი. მას, ფშავლებთან ერთად, ზეიმობენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მთიელები და ბარიდან მოსული ქართველები. 

ლაშარის წმინდა გიორგის ძლევამოსილებით შთაგონებულ ქართველებს არაერთხელ გაუმარჯვიათ უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე, როგორც ბახტრიონის ბრძოლაში გაიმარჯვეს თუშ-ფშავ ხევსურებმა სპარსელებზე.

აღსანიშნავია, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ლაშარის სალოცავში უკვე რამდენიმე წელია ღვთისმსახურება მართლმადიდებლური წესით აღესრულება.