მირზა გელოვანის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა

დიდი ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა.

პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში ლიტერატურული საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და სტუმრები საქართველოს მწერალთა კავშირიდან.

მუზეუმში ღონისძიებაზე ბრძანდებოდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იაკობი ( უშიკიშვილი), ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად.

ღონისძიების მონაწილეებმა პოეტის ბიოგრაფია გაიხსენეს და მირზას ლექსები წაიკითხეს. შესრულდა სიმღერები და კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაზე.

მირზა გელოვანი 1917 წლის 2 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქარში დაიბადა.

პოეტმა თავისი ლექსების დიდი ნაწილი ომში შექმნა და მისი უკანასკნელი ლექსიც 1944 წლით თარიღდება, ამ დროს იგი 27 წლის იყო.

დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქში, ბეშენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის ძმათა სასაფლაოზე.

მირზა გელოვანს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ფოტო