დაბა თიანეთში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები" გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაბა თიანეთში გაიმართა საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები".

ფესტივალში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული კოლექტივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე სტუმარი ხელოვანები კატარიდან და ინდოეთიდან.

ღონისძიების დაწყებამდე, ფესტივალში მონაწილე 1000-ზე მეტი მოცეკვავე თიანეთის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, საიდანაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა კულტურისა და დასვენების პარკის სცენამდე საზეიმო მსვლელობა მოაწყეს.

ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ნაკადულები" (ხელმძღვანელები: ნანა მენთეშაშვილი, ნანა ხარანაული) და თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ჯამლიკო სამხარაულის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლაშარი" (ხელმძღვანელები კახაბერ და გვანცა მარკოიშვილები).

ღონისძიების დასასრულს ფესტივალის ყველა მონაწილეს შესაბამისი დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.