თიანეთის მუნიციპალიტეტშ0 მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს თიანეთის მუნიციპალიტეტში თემატური აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, 24 მასწავლებელს „ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობისა და მომავალი თაობების სწავლა-აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს 40-წლიანი და მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან, მის მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, სოსო მამულაშვილთან ერთად ესწრებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს თაობების აღზრდისა და გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.

„ეს იყო ემოციებით სავსე დღე. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ღვაწლმოსილ მასწავლებელს, ვინც მომავალი თაობების აღზრდაზე და საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნავს, მათ თავიანთი ცხოვრების ნახევარი პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნეს და ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო ამ ადამიანებისთვის მადლობის პირადად გადახდა,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „ურმულმა“ გააფორმა. საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 13 სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.