ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებისა და ფრანგულ კლუბ "მონპელიეში" მოთამაშე ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად, ადგილობრივი სარაგბო კლუბი "ცხრაკარა" მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში, მამუკა გორგოძე სპორტსმენების სავარჯიშო პირობებს გაეცნო და საკითხის თაობაზე, ადგილობრივი სპორტის სამსახურის წარმომადგენლებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრისას მამუკა გორგოძემ და ლევან წიკლაურმა სარაგბო კლუბ „ცხრაკარას“ გამარჯვება მიულოცეს, რომელიც მათ ქალაქ კასპის სარაგბო კლუბ „მოურავთან“ ამხანაგური შეხვედრისას მოიპოვეს. ამასთან, მერიის სახელით, გამარჯვებულ მხარეს სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.

„ძალიან კარგი ადგილობრივი ახალგაზრდები გავიცანი. კარგი სავარჯიშო პირობებიც აქვთ. ჩვენი, ყველას, ხელშეწყობით კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ თიანეთის სარაგბო კლუბი და მათი წარმატებები ვიზეიმოთ.“- განაცხადა მამუკა გორგოძემ.

„თიანელი ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, თიანეთისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია ასეთი სახელოვანი სპორტსმენების ვიზიტი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკას ამ ინიციატივისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისათვის თავისი გამოცდილების გაზიარებისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ სარაგბო კლუბის მწვრთნელს ზვიად დობაძიშვილს, ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ასეთი შემართებით ჩაერთო თიანეთში რაგბის განვითარების საქმეში. ჩვენი მხრივ მზად ვიქნებით მათი მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

 თიანეთის სარაგბო კლუბი 1,5 წლის წინ დაარსდა. ვარჯიშები აქტიურად მიმდინარეობს ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში და დაბა თიანეთში. გუნდში ოცამდე ბავშვი ვარჯიშობს.