დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში გენერალური დასუფთავებისა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, "კუჟბაღში" მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში გენერალური დასუფთავებისა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. მათ შორის აღდგა პარკთან დამაკავშირებელი ხიდი, დაეგო ქვაფენილი, მოეწყო სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ბავშვთა გასართობი კუთხე, საფეხმავლო ბილიკები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სხვა.

პარკში არსებულ ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნო. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, "კუჟბაღში" მიმდინარე სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 წლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ I ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

ახალი პროექტების შედეგად, განახლებული ურბანული მდებარეობები ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.