თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დოღი გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დოღი გაიმართა

საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღისა და საცხენოსნო ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ერწო-თიანეთში, სოფლების: დევენაანთხევისა და ხევსურთსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევსურული ტრადიციული დოღი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა 5 რეგიონის 20-მდე ცხენოსანმა მიიღო. პირველი ადგილი კი პანკისის წარმომადგენელმა 20 წლის ადამ გაურგაშვილმა დაიკავა. ასევე, პანკისიდან იყო დოღის ყველაზე უმცროსი მონაწილე, 13 წლის მუსლიმ მარგოშვილი, რომელსაც მეორე ადგილი ერგო, ხოლო მესამე ადგილზე დუშეთის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაური გავიდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, დოღს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მისი მოადგილეები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

"ცხენოსნობის ტრადიციებისა და საცხენოსნო ტურიზმის განვითარების კუთხით ჩვენს მხარეს დიდი პოტენციალი გააჩნია. ამიტომაც, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტმა ხევსურულ ტრადიციულ დოღს უმასპინძლა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საცხენოსნო კულტურის ელემენტებს მოიცავს. რა თქმა უნდა, ასეთი აქტივობები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ტურისტების დაინტერესებასა და სფეროს განვითარებას.

მინდა, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ასეთი აქტიურობისათვის მადლობა გადავუხადო. ამასთან, იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამის უწყებებთან და კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მცხეთა-მთიანეთი მსგავსი მასშტაბის დოღს კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს." - განაცხადა დავით ნოზაძემ.

„თიანეთის მუნიციპლიტეტში ტურიზმის და ეკოტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარება. დღევანდელი დღე ასევე გამორჩეულია იმით, რომ თიანეთს პირველად სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თანამოქალაქეს სოფელი ხევსურთსოფლიდან გიგა ხარხელაურს, რომელიც მრავალი წელია მუშაობს საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე და თიანეთის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე. ჩვენისმხრივ, თიანეთის მუნიციაპლიტეტის მერია და მერი ვიზრუნებთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირად და ორგანიზებულად ჩატარდეს ჩვენს ულამაზეს რაიონში“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ცნობისათვის, ღონისძიების სპონსორებს, პარტნიორებსა და მხარდამჭერებს შორისაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამერიკის საელჩო, კერძო სექტორი და სხვა.