სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ სოფელ ნადოკრაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მოინახულა

დავით ნოზაძემ სოფელ ნადოკრაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრაში, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი, სანიტარულად დაცული ჭაბურღილი, ხოლო სოფლის უმაღლეს წერტილზე - 50 მ3 მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარი. ასევე, გაკეთდება წყალსადენის გამანაწილებელი ქსელი და საპროექტო არეალის ტერიტორიაზე, ძირითად კვანძებსა და გზაჯვარედინებზე - წყლის გამანაწილებელი ჭები.

მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან წიკლაურთან ერთად მოინახულა.

„რეგიონის მასშტაბით ოთხივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება. მათ შორისაა ნადოკრაში მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სოფელში ამჟამად 115-მდე მოსახლე ცხოვრობს, პროექტის დასრულების შემდეგ კი მათ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები სრულად მოუგვარდებათ.“ - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, სოფელ ნადოკრაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

PDF ფაილი 1

04 ივლისი 2018