თიანეთის მუნიციპალიტეტში ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე თიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.

მონიტორინგის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობას მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეტაპობრივად ეცნობა. ამჯერად, იგი თიანეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად, ქუჩებისა და გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.

თავდაპირველად, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფლების: ზარიძეებისა და ხოფცის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტის დაგებაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა არსებული ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები.

დავით ნოზაძე და ლევან წიკლაური, ასევე, გაეცნენ დაბა თიანეთში, რუხაძის ქუჩაზე და რუხაძის პირველ შესახვევში მიმდინარე ასფალტის დაგების სამუშაოებს, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

აგრეთვე, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, მერთან ერთად, დაბა თიანეთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მოინახულა. ადგილზე, ასევე, მიმდინარეობს მიწისა და გრუნტის გატანა-მოსწორება, რის შემდგომაც დაეგება ასფალტის საფარი.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად, რადგანაც მათი სრულად განხორციელების შემდგომ, ადგილობრივ მოსახლეობას არსებული პირობები ბევრად გაუუმჯობესდება. ეს კი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს," - განაცხადა დავით ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ ზარიძეები-ხოფცის დამაკავშირებელი გზის, რუხაძის ქუჩისა და ასევე, დაბის 9 ქუჩის სანიაღვრეების კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

PDF ფაილი 1

04 ივლისი 2018