თიანეთის ახალმოსახლე ჰოლანდიელ ეკოტურისტებთან შეხვედრა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, თიანეთის ახალმოსახლე ჰოლანდიელ ეკოტურისტებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ეკოტურიზმის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც ამ მიმართულების განვითარებას შეუძლია მოუტანოს ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

 ასევე, აღინიშნა, რომ ეკოტურიზმი - ეს არის მოგზაურობა ბუნებრივ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, ხოლო ეკოტურისტებს თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვითცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა.

აგრეთვე, აღინიშნა, რომ თიანეთის მთავარი ხიბლი არამხოლოდ მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები (მთები, ტყეები, მდინარეები) და მიმზიდველი ლანდშაფტებია, არამედ ურბანიზაციისა და გაკულტურების პროცესებისაგან ხელუხლებელი უნიკალური ფლორა და ფაუნაა. ასევე, განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის ეთნოკულტურის სიმდიდრე, სახალხო დღესასწაულების მრავალფეროვნება, ადათ-წესები, ხელობები, ხელსაქმის უნარები(ცხვრის გაკრეჭვა,ძაფის დართვა,ქარგვა,ქსოვა,ძერწვა,ხეზე კვეთა და სხვ.) მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და ქართული სამზარეულო, რაც ევროპელ ტურისტებში დიდ დაინტერესებას იწვევს.

ამასთან, შეხვედრაზე, ჰოლანდიელებმა განაცხადეს, რომ ისინი თიანეთს, თავისი ბუნებრივი გარემოდან და უნიკალური რესურსებიდან გამომდინარე, დიდი პოტენციური შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტად მიიჩნევენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ სტუმრებს ეკოტურიზმთან დაკავშირებული საკითხების დაინტერესებისთვის და თანამშრომლობის მზაობისთვის. საზღვარგარეთ ბუნებრივ ზონებს წელიწადში რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს. ევროპელი და ამერიკელი ეკოტურისტებისთვის ეკოტური ყველაზე პოპულარული დასვენების საშუალებაა. საქართველოში კი ეკოტურიზმი შედარებით ახალია და ბევრმა არ იცის, რით განსხვავდება ტურიზმის ეს სახეობა ბუნებაში ჩვეულებრივი დასვენებისაგან. არსებობს ეკოტურიზმის რამდენიმე სახეობა, რაც თიანეთის მუნიციპალიტეტს სრულად გააჩნია. ესენია: სამეცნიერო ეკოტურიზმი, შემეცნებითი ეკოტურიზმი, რეკრეაციული ეკოტურიზმი, ტურიზმი ბუნებაში, ტურიზმი ველურ ბუნებაში, მწვანე ტურიზმი, ეთნო-ეკოლოგიური ტურიზმი, სარეაბილიტაციო ტურიზმი, აგროტურიზმი და სხვა.

თიანეთის მუნიციპალიტეტი უნიკალურია ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, იმსახურებს მეტ დაფასებასა და ცნობადობას როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიო მასშტაბით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობით მრავალი ეკოტურისტი ჩამოვა ჩვენს რაიონში, დაიგეგმება ტურები და ადგილობრივებიც სხვადასხვა მიმართულებით ჩართულები იქნებიან ამ პროცესში.“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

PDF ფაილი 1

04 ივლისი 2018