ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

დაბა თიანეთში, ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. ასევე, გაწმენდილია ტერიტორია, რომელიც მრავალწლოვანი ვერხვის გადატეხვის შედეგად დაზიანდა.

ინციდენტის ადგილი მოინახულა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლებიც.

"შექმნილი პრობლემის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით შეზღუდული იყო გადაადგილება. შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის ჩართულობით, აღნიშნული ადგილი უკვე გაწმენდილია. გატანილია, ქარის შედეგად, წაქცეული ხეები და მოტეხილი ტოტები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა

ორსართულიანი კორპუსის სახურავი, შენობების კედლებიდან ჩამოშლილია გარე საფარი.

ასევე, დაზიანდა ელექტრო გაყვანილობის სადენები და შეიქმნა გაზის მილის დაზიანების საფრთხეც.

ამ დროისთვის ამინდი გაუმჯობესებულია. შესაბამისი უწყებების აქტიურობით, აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი.

ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია ზეხმელი ხე, რომლებიც საჭიროებს ჩანაცვლებას. ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ საფრთხისშემცველი ხეების მოჭრას, რათა მსგავსი ინციდენტები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეული დაწესებულების იმ წარმომადგენელს, ვინც ოპერატიულად ჩაერთო აღნიშნულ სამუშაოებში და მშვიდობიანად დავასრულეთ ტერიტორიის გაწმენდა.“- განაცხადა ლევან წიკლაურმა.