შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური ერწოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. 13 და14 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს მასშტაბით, სხვადასხვა სოფლის ცენტრალურ და შიდა გზებზე პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერი სეტყვა და წვიმა მოვიდა მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელებში,სიონთგორში,ნადოკრაში,თრანში,თოხოლჩაში,ნაქალაქარში,მაგრანეთში,ორხევში და დაბა სიონში.

ადდიდა მდინარეები, ხევები და კალაპოტიდან გადმოვიდა წყალი, რამაც დატბორა მოსახლეობის ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ნაკვეთები.

სტიქიის დაწყების მომენტიდან ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„გადაუღებელი წვიმების შედეგად, კვლავ სტიქიასთან გვიწევს შებრძოლება. ამჯერად დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, რადგან ძლიერმა სეტყვამ ერწოში გაანადგურა სასოფლო სამეურნეო ნარგავების დიდი რაოდენობა. თიანეთში კი მოგეხსენებათ ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ამ ტიპის საქმიანობაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა და ამ პროცესის დასრულების შემდგომ შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით მოსახლეობას. -“განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა