დაბა თიანეთში ორ ლოკაციაზე ე.წ. „წიგნების ბუდე“ განთავსდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ხელშეწყობით, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ორ ლოკაციაზე ე.წ. „წიგნების ბუდე“ განთავსდა.

 წიგნის ბუდე - ეს არის პატარა სამკითხველო სივრცე, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს სურვილისამებრ დატოვოს წიგნი ან აიღოს იქ განთავსებული ლიტერატურა და წაკითხვის შემდეგ კვლავ დააბრუნოს.

 ლევან წიკლაურის გადაწყვეტილებით, "წიგნების ბუდის" განთავსების ადგილად შეირჩა თიანეთის ვაჟა - ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი და დაბის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოს ტერიტორია.

"წიგნის ბუდის" მოწყობასთან დაკავშირებით, ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაბა თიანეთის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. მათ ახალი სივრცე სხვადასხვა წიგნით მოამარაგეს.

„ აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ ეკვილიბრიუმი“ რომელიც უკვე მრავალი წელია ხორციელდება და დედაქალაქს და სხვა მრავალ მუნიციპალიტეტს მოიცავს. მოხარული ვარ , რომ ისინი ჩვენს მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ და მცირედით კიდევ უფრო გაგვილამაზეს ჩვენი დაბა თიანეთი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ აქტივობისთვის, ასევე, პროკრედიტ ბანკს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. იმედს ვიტოვებ, ადგილობრივი მკითხველი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სიამოვნებას მიიღებენ ამ სიახლიდან და კიდევ უფრო დაუახლოვდებიან წიგნს.“ - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.