თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სტიქიით დაზარალებული ადგილები მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც გასული დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.

სტიქიამ განსაკუთრებულად დააზარალა არტნის, ახალსოფლის, ტუშურების, სიონისა და დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარეები და ხევები, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, რამდენიმე ადგილზე კი შეფერხდა ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

უხვი ნალექის დროს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. საჭიროებისთანავე ადგილზე მობილიზდა ყველა შესაბამისი უწყება ადამიანური და ტექნიკური რესურსით. ამ ეტაპზე შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მერიის მხრიდან მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.