თიანეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

 

იანეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ომის ვეტერან 97 წლის გიორგი სუარიშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგადაც ღონისძიება კულტურის ცენტრში გაგრძელდა.

ღონისძიების ფარგლებში, თიანეთის მხარეთმცოდნეობისა და მირზა გელოვანის სახლ - მუზეუმის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ომში დაღუპული თიანელების როლზე. აღნიშნეს, რომ მეორე მსოფლიო ომში თიანეთიდან 2077 მებრძოლია წასული, მათგან 1300 გარდაიცვალა, რაც თიანეთისათვის დიდი დანაკლისია.

ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სამადლობელო სიგელი და საჩუქარი გადასცა ომის ვეტერან გიორგი სუარიშვილს და მას დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.

ღონისძიების შემდეგ კი ლევან წიკლაურმა სახლში მოინახულა ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი მაყვალა ბერიკიშვილი, რომელსაც, ასევე, გადაეცა სამადლობელო სიგელი და საჩუქარი.

სამამულო ომში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.