მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, მოსული უხვი ნალექის გამო, შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით, რომლებიც კოორდინაციაში იმყოფებიან თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან წიკლაურთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

 შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა არტნის, ახალსოფლის, სიონისა და ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნა და სხვადასხვა სახის ზარალი მიაყენა.

გადაუღებელი წვიმების შედეგად, ადიდდა პატარა მდინარეები და ხევები, დაიტბორა ეზოები, რამდენიმე ადგილზე კი გადაადგილება შეფერხდა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება.