თიანეთის მთავარ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეული გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური თიანეთის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას მიეძღვნა. მათ შესახებ ადგილობრივმა მკითხველებმა ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ დაბა სიონის, სოფელ მაგრანეთის, ნაქალაქრისა და ბოჭორმის ბიბლიოთეკები.

„პანდემიამ სრულად შეაჩერა კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები ქვეყნის მასშტაბით და, შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტშიც. მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს. ჩვენს მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საერთაშორისო და, ასევე, ბიბლიოთეკის დღესთან დაკავშირებით, 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით იმართება კვირეული, რომელშიც თიანეთის ბიბლიოთეკების გაერთიანების 17 ბიბლიოთეკაა ჩართული.