საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რომელიც, „მილენიუმის პროგრამის“ ფარგლებში, ხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა სკოლებში არსებული მძიმე ვითარების თაობაზე წერილით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და სთხოვა აღნიშნული მდგომარეობით დაინტერესება. დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, ამავე სააგენტოს თანამშრომლები და ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა, რომლებმაც თიანეთის მერთან თამაზ მეჭიაურთან ერთად, პირადად დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, სადაც ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე შეჩერებულია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლებში ასევე იმყოფებოდნენ თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. აღსანიშნავია, რომ არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გაცნობის შემდგომ, სააგენტოს წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიისგან მოითხოვეს უახლოესი ერთი კვირის მანძილზე შესაბამისი ბრიგადების მობილიზება და სამუშაო პროცესის განახლება. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ სკოლებში შემქნილი ვითარება არის მეტად რთული და მშენებელთა დაპირებები არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მიადევნებენ თვალს სამუშაოების მიმდინარეობას, რათა შეუფერხებლად დაიწყოს ახალი სასწავლო წელი თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.

ფოტო