პროექტი „სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს მთიანეთში“

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მთიან რეგიონებში, მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს მთიანეთში“. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის შინაარსი და მნიშვნელობა გააცნო, ხოლო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და შესაბამისი ა.(ა).ი.პ.-ების ხელმძღვანელ პირებს პროექტის წარმატებით განსახორციელებლად მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. პროექტი სახელწოდებით „სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს მთიანეთში“ ხორციელდება საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით. თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან სტუდენტური ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიას, ღირსშესანიშნაობებს, კულტურას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ყოფასა და პრობლემებს, მუნიციპალიტეტის სოფლებში მოაწყობენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებს.