თიანეთის მერი სასკოლო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური სასკოლო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვედრაზე მძღოლებმა გამოხატეს უკმაყოფილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტენდერის შედეგების მიმართ და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ახლანდელ ტენდერში გამარჯვებულ შპს „აქტივ გრუპსა“ და წინა წლებში გამარჯვებულ შპს „ტაიმ სერვისს“ ჰყავს ერთი ხელმძღვანელობა. მათ აღნიშნეს, რომ შპს „ტაიმ სერვისთან“ მუშაობის პერიოდში კომპანია სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დასაქმებულებს არ უნაზღაურებდა ხელფასის იმ ოდენობას, რაც კონტრაქტით იყო განსაზღვრული, ხშირად ადგილი ჰქონდა შრომის ანაზღაურების დაგვიანებით ჩარიცხვას, ასევე არ სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარშრუტები რაც საბოლოო ჯამში, აუარესებდა სატრანსპორტო მომსახურების ხარისხს და აზარალებდა სკოლის მოსწავლეებს. ამ საფუძვლით მათ განაცხადეს უარი კვლავ გააგრძელონ თანამშრომლობა აღნიშნულ კომპანიასთან. თამაზ მეჭიაურმა მძღოლებს მისცა პირობა, რომ კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება არსებული პრობლემების გადაწყვეტაში, შესაბამის უწყებებს გააცნობს მათ პოზიციას და ერთობლივი კონსულტაციების შედეგად ერთი კვირის ვადაში იმსჯელებენ სამომავლო გეგმების შესახებ, რათა ახალ სასწავლო წელს არ შეფერხდეს სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის.