სოფ. ღულელებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფ. ღულელებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფელ ღულელებში საბავშვო ბაღი 1982 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა. პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, იატაკი, ელექტრო გაყვანილობის სისტემა; მოეწყო სველი წერტილები, საკანალიზაციო და ცენტრალური გათბობის სისტემა. საბავშვო ბაღი გათვლილია ორ ასაკობრივ ჯგუფზე, ამჟამად კი 29 აღსაზრდელი ირიცხება. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა - გია წიკლაურმა განახლებულ საბავშვო ბაღს საჩუქრად სათამაშოების ნაკრები გადასცა, აღსაზრდელები კი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ტკბილეულით დასაჩუქრდნენ. პროექტი, რომლის ღირებულება 150 117 ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები განახორციელა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ - „XXI საუკუნე". ✅ გარდა ღულელების საბავშვო ბაღისა, 2018 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღს. ამჟამად კი მიმდინარეობს სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, დაბა თიანეთის №2 და სოფელ სიმონიანთხევის საბავშვო ბაღების მშენებლობა.

ფოტო