საინფორმაციო შეხვედრა სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით

დღეს, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცქიტიშვილმა, მოადგილე მანანა ნარიმანიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა მაკა ხამხაძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია 2018-2019 წლებში სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ პროგრამებზე, რომლით მოსარგებლეთა რიცხვი შედარებით მცირეა, სავარაუდოდ, მოსახლეობაში პროგრამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო. კერძოდ: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. ვინ არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე? პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას; მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;  პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; რომელ დაავადებებზე ვრცელდება აღნიშნული პროგრამა? გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები. ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. როგორ ფინანსდება პრეპარატები? სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს იღებენ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. საპენსიო ასაკის მოქალაქეები და შ.შ.მ სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით. როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში? მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად; მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტი; დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია. 2019 წლის 1 იანვრიდან ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 001-ზე) თუ შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი, 12 თვის განმავლობაში უგრძელდებათ ფულადი სოციალური დახმარების, საარსებო შემწეობის გაცემა, 24 თვის განმავლობაში უგრძელდებათ მხოლოდ 16 წლამდე ბავშვისათვის გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების, ა.ა.ი.პ-ებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

ფოტო